ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობას უბრუნებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობას უბრუნებს.
კანონი უმაღლესმა რადამ რამდენიმე დღის წინ 331 ხმით დაამტკიცა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს ჩემი კანონპროექტის, ახლა უკვე კანონის მიღების გამო. ეს არის გარანტია ანტიკორუფციული ორგანოების, ჩვენი ქვეყნის ყველა სამართალდამცავი ორგანოს ნორმალური, დამოუკიდებელი მუშაობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსმენდეს საზოგადოებრივ აზრს.
„უკრაინა დემოკრატიაა, რაც ეჭვგარეშეა. ამ კანონის შესახებ მაღალჩინოსნები დაუყოვნებლივ აცნობებენ უკრაინის პარტნიორებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამგვარად, გაუქმებულია 22 ივლისს მიღებული სკანდალური კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ორი უწყებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევასა და გენერალური პროკურატურისთვის მათ დაქვემდებარებას.