ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში მიიწვია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „იტალიის ძმები“ ლიდერს, ჯორჯია მელონის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხრეებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, კონკრეტულად, სანქციების მერვე პაკეტის გაძლიერებაზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მელონის უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მელონი უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტით ჩასვლას მოახერხებს. თავის მხრივ მელონიმ ზელენსკის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არანაირი იურიდიული და პოლიტიკური წონა არ აქვს.