ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას, რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას, რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა

რუსეთმა ჩვენი მშვიდობა როცა დაარღვია, ჩვენ მალევე დავინახეთ, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ – მის წინააღმდეგ. იაპონია ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა აზიაში, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირა მშვიდობასა და გლობალურ უსაფრთხოებას, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.

„30-კილომეტრიან დახურულ ზონას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთი შესაძლოა, სათავისო მიზნებით იყენებდეს. ომის დასრულების შემდეგ კვლევებს წლები დასჭირდება, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ, რა ჩაიდინა იქ რუსეთმა, რა ზიანი მიაყენა ელექტროსადგურს, რადგან ეს ზიანი შესაძლოა, მთელ მსოფლიოს ძალიან ძვირად დაუჯდეს. შეგახსენებთ, რუსეთმა თავის დროზე სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, ახლა კი უკრაინას დასავლეთი აფრთხილებს, რომ ამ საფრთხის წინაშე შესაძლოა, ჩვენ აღმოვჩნდეთ. ასევე მსოფლიოში უკვე ღიად და დაუმალავად განიხილავენ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს, რომლებიც 28-ე დღეა, ქვეყანას რუსული აგრესიისგან იცავენ.

„ჩვენი ჯარისკაცები უზარმაზარი ქვეყნის აგრესიისგან იცავენ უკრაინას. როცა ვამბობ უზარმაზარს, ვგულისხმობ რუსეთის გეოგრაფიულ ფართობს და ჯარს, მაგრამ მორალური ფასეულობებით ეს ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი სახელმწიფოა. მათი ბომბები და რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, მათი ბომბები და რაკეტები ათასობით საცხოვრებელ კორპუსს ანადგურებს. მათ ჩვენი არაერთი ქალაქი მიწასთან გაასწორეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.