ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გეგმავს, თუმცა თარიღი და ფორმატი ჯერ დადგენილი არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა თარიღი და ფორმატი ჯერ დადგენილი არ არის. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით შეთავაზება არსებობს.
„დიახ, არის სამუშაო თარიღი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, პარასკევი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, მას სურს ტრამპს hკითხოს, შეწყდება თუ არა უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს უკრაინას; ასევე, დაუსვას შეკითხვები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, თუ როდის გაიმართება და საერთოდ გაიმართება თუ არა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ რადგან ომი უკრაინაში მიმდინარეობს, უკრაინის პოზიცია პრიორიტეტული უნდა იყოს. ზელენსკის თქმით, გეგმავს, ტრამპს გაუზიაროს, როგორ ესმის უკრაინის ევროპელი პარტნიორების პოზიცია მომავალი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე.
„ჩვენ ძალიან ბევრი კონსულტაცია გვქონდა და, ვფიქრობ, ვიცი, რისთვის არიან მზად, როგორ შეუძლიათ დახმარება, რა სტრატეგიული როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირს და, უფრო ფართოდ, ევროპას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეხვედრის წყალობით მეტ პასუხს მიიღებს, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ აშშ-iსგან უახლოეს მომავალში და „რა ერთობლივი გეგმა შეიძლება მომზადდეს ამ ომის დასასრულებლად“.
„მე პირდაპირ ვიკითხავ, შეაჩერებს თუ არა აშშ მხარდაჭერას, შეგვეძლება თუ არა იარაღის შესყიდვა, თუ მას აღარ მოგვაწოდებენ დახმარების სახით, შეგვიძლია თუ არა პირდაპირ აშშ-ისგან იარაღის შეძენა. მესამე საკითხი, შეგვიძლია თუ არა ვიმუშაოთ გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, მაგალითად, იარაღის შესაძენად, სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებისთვის, როგორიცაა წიაღისეული, უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნების საკითხზე ისაუბრა.
„მე უკვე ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია, თუ ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებებს ჩვენ გარეშე მიიღებენ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი აშშ-თან „წიაღისეულის შეთანხმების“ კონტექსტში მისთვის პრინციპულია და ტრამპთან მოსალოდნელ საუბარზეა დამოკიდებული, ექნება წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას წარმატება თუ „ჩუმად ჩაივლის“.