ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ფორუმის მონაწილეებს მიმართა - არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ფორუმის მონაწილეებს მიმართა - არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს

არ დაელოდოთ ბირთვულ იარაღს და გამოიყენეთ მაქსიმალური სანქციები, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, რომ რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება ამას.

„არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, არ დაელოდოთ რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას – ქიმიურის, ბიოლოგიურის, ღმერთმა არ ქნას ბირთვულის. ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციები უნდა იყოს – ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება, გამონაკლისის გარეშე. სრულად უარის თქმა რუსეთის ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს სანქციებით ზეწოლის ისეთი პრეცედენტი, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, ოპერირებისთვის უკრაინის ბაზარი შესთავაზა.

„ვთავაზობთ ყველა კომპანიას, რომელიც რუსეთის ბაზარს ტოვებს, გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა უკრაინაში. თქვენ მიიღებთ წვდომას არა მხოლოდ ჩვენს 40 მილიონიან ბაზარზე, არამედ საერთო ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი