ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია სრული უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე.

„უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი პარტნიორები, გაერო-სა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები ამუშავებენ მისიის კონკრეტულ დეტალებს, რომელიც უნდა გაემგზავროს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე. ამ მისიით შესაძლოა, დაიწყოს სრული უსაფრთხოების აღდგენა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე და ენერგოდარში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც შემოგვიერთდა ამ მუშაობასა და ინიციატივაში“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსული ბირთვული შანტაჟი თუ გაგრძელდება, ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ ზაფხულად შევა.

„მსოფლიოს არც ერთ ბირთვულ სადგურზე არ არის გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ტერორისტი სახელმწიფო სადგურს სამიზნედ აქცევს“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინტენსიურ დაბომბვებზე და მოსახლეობას მიმართა.

„დღეს მინდა, ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან – ხარკოვი და ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნიპროპეტროვსკი, ზაპოროჟია, ყველას, ვინც განიცდის სიცოცხლის დესტრუქციისა და იმ ყველაფრის განადგურების მუდმივ საშინელებას, რაც ცხოვრებას ნორმალურს ხდის, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ არცერთ ამ დარტყმას. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებში. ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რის ნანგრევებად დატოვებასაც ტერორისტები ცდილობენ. სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.