ვოლოდიმირ ზელენსკი – ზამთრის წინ, უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს თავდაცვაში, ჩვენს პოზიციებში, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია

22:01, 19.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ზამთრის წინ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. მისი თქმით, უკრაინა მზად უნდა იყოს როგორც რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად, ისე ფრონტზე პოზიციების შესანარჩუნებლად.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ მინისტრზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვის სისტემის, იარაღის წარმოებისა და შესყიდვების, ასევე ჯარისთვის მისი მიწოდების გაუმჯობესებაა.

„უკრაინის თავდაცვამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის დარტყმების მოსაგერიებლად, ფრონტზე პოზიციების შესანარჩუნებლად და ჩვენი აქტიური მოქმედებების განსახორციელებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ევგენი ხმარას წარსულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან უკრაინის სპეცდანაყოფ „ალფაში“ მსახურების პერიოდში დაამტკიცა, რომ სიტყვებს ქმედებებით ამტკიცებს. ზელენსკის თქმით, მისგან ელოდება უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გაფართოებას, უკრაინის ცის დაცვის გაძლიერებას და პარტნიორებთან ერთად თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობების გაზრდას.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთთან მორიგი ტყვეების გაცვლა შედგა. მისი თქმით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 ადამიანი, მათ შორის უკრაინელი სამხედროები, დაიბრუნა.

„ეს მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა გაცვლები გაგრძელდეს. შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი რუსეთთან მიმართებით ახალი სანქციების დაწესებისთვისაც ემზადება.

„ხვალ სერიოზულ სანქციებს ვამზადებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი