ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ
ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავს სამხედრო წვრთნების საბაბით ბელარუსში ჯარების გაგზავნას. ზუსტად ისე, როგორც განალაგებდნენ ჯარებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ. ეს რუსული ძალები ბელარუსში უკრაინაზე თავდასხმისთვისაა? შეიძლება. ან შეიძლება – არა. ან, იქნებ, თქვენთვისაა? ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ბელარუსი ნატო-ს სამ ქვეყანას ესაზღვრება. ის რუსული სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად იქცა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი ბელარუსს რუსეთის რეგიონად განიხილავს.