ვოლოდიმირ ზელენსკი - წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა კიევზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა კიევზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა კიევზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მაშველები, საგანგებო სამსახურები და ყველა, ვინც ეხმარება, განაგრძობენ მუშაობას. წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა. ჩვენი სპეციალური სამსახურები ამოწმებენ ყველა დეტალს. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს რაკეტა ჩრდილოეთ კორეაში დამზადდა, ეს იქნება რუსეთისა და ფხენიანის ალიანსის კიდევ ერთი დადასტურება. ისინი ერთად კლავენ და აწამებენ ადამიანებს – ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს – რაკეტებს, არტილერიას. სანაცვლოდ, ფხენიანმა მიიღო შესაძლებლობა, რეალური საომარი პირობების ქვეშ უფრო სასიკვდილო გახადოს თავისი იარაღი. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ასეთი საფრთხეების წინაშე“,- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა რუსეთზე რეალური ზეწოლა.

„რუსეთზე რეალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რომ ეს შეწყდეს. საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის დროსაც კი, რომელიც მიმართულია ამ ომის დასასრულებლად, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია. საჭიროა დარტყმების სრული და უპირობო შეწყვეტა და რუსეთი უნდა დათანხმდეს ამას. ეს ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. ჩვენი ხალხის უსაფრთხოების რეალური გარანტიისთვის ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. სახელმწიფოების თანამშრომლობამ, რომლებიც აფასებენ ადამიანებს და სიცოცხლეს, უნდა შეაჩეროს მკვლელების ალიანსები“, – წერს ზელენსკი.