ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი უკრაინას ევროკავშირისკენ გზას უკეტავს, რადგან უნგრეთში არჩევნები აქვს, ვფიქრობ, ეს ჭკვიანური არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა არ შეუძლია.
კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის წევრობის გზას.
„უკრაინის ევროკავშირში წევრობას ვერავინ დაბლოკავს, რადგან ეს ჩვენი ხალხის ნებაა. ეს უკრაინელი ხალხის და, რა თქმა უნდა, ევროპის გადაწყვეტილებაა, უკრაინა ევროკავშირის წევრად დაინახოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვან გადაწყვეტილებაზე.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები უნგრეთთან, ამაზე ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ. ვიქტორ ორბანი 40-მილიონიანი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზას უკეტავს, რადგან მას უნგრეთში არჩევნები აქვს. ვფიქრობ, ეს არ არის ჭკვიანური“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება მათი სტრატეგიის ნაწილია.
„ჩვენ უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება ძლიერი ევროპა და, ჩემი აზრით, ეს ნიშნავს ევროკავშირის გაფართოებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სტრატეგია. მე არ დავუშვებ, რომ ერთმა ქვეყანამ და რა თქმა უნდა, არ დავუშვებ, რომ ვიქტორ ორბანმა გადაწყვიტოს მთელი ევროპული მომავალი. თუ ვერ დავარწმუნებთ ვიქტორ ორბანს, ვფიქრობ, უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ყველა ის სამუშაო, რაც უკრაინამ და ევროკომისიამ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.