ვოლოდიმირ ზელენსკი – ვინც სიცოცხლეს იცავს, მეტი „პეტრიოტი“ სჭირდება, განვიხილეთ წარმოების ლიცენზიების საკითხი ამერიკელ პარტნიორებთან, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ძალისხმევას, რომ ეს რეალობად იქცეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა, ამჟამინდელი თავდაცვითი შესაძლებლობების გათვალისიწინებით, ალიანსის წევრობას იმსახურებს.
„მაქვს თქვენთან კითხვა. მართლაც მიგაჩნიათ სწორად, რომ ასეთი დონის თავდაცვითი პოტენციალის მქონე ქვეყანა და ხალხი ნატო-ს მიღმა დარჩეს? თუკი ჩვენ უკვე გვაქვს ეს პოტენციალი, თუკი უკრაინელებმა უკვე იციან ასე ბრძოლა, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს პოტენციალი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ყველას უფრო მეტად გაგვაძლიერებდა. ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით პრობლემის წყაროს – რუსეთის გვერდით. უკრაინა ნატო-ში კი უზარმაზარი თავდაცვითი პოტენციალის წყაროა,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას, რომელიც ქვეყანაში „პეტრიოტის“ სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მოპოვებისკენ არის მიმართული.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ბალისტიკური რაკეტები არის უკანასკნელი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც რუსეთს დარჩა.
„ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი სიმძლავრეები რაკეტის საწინააღმდეგო სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების საწარმოებლად. მათ, ვინც სიცოცხლეს იცავს, მეტი „პეტრიოტი“ სჭირდება. ჩვენ უკვე განვიხილეთ მათი წარმოების ლიცენზიების საკითხი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ეს რეალობად იქცეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპას ხელმისაწვდომი და მასობრივი, საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არა 2030 წლისთვის ან უფრო გვიან, არამედ ახლავე სჭირდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბარია არა კომპანიების მოგების მაქსიმალურად გაზრდაზე, არამედ მილიონობით ევროპელის დაცვაზე.
„ჩვენ ვმუშაობთ ანტიბალისტიკური კოალიციის განვითარებაზე, რომელიც შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, ვიდრე ეს ომი გრძელდება. ახლა ეს ჩვენი პრიორიტეტია. ყველაფერი დანარჩენის გაკეთება თავადაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, პარტნიორების შეუპოვრობაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.