ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან, აშშ-მა, ევროპამ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაიგოს, როგორ არღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან, აშშ-მა, ევროპამ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაიგოს, როგორ არღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს

ვიცით, რომ რუსები უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმისთვის ემზადებიან. როდესაც იერიშები გრძელდება, ადამიანებისთვის რთულია, იგრძნონ, რომ დიპლომატია კონსტრუქციულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაზვერვისგან აქვს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან. დაზვერვა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. ამერიკამ, ევროპამ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაიგოს, თუ როგორ არღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. როდესაც ამ ომის დასასრულებლად ამდენი დიპლომატიური ძალისხმევაა მიმართული, დიპლომატიას უნდა ჰქონდეს რეალური წონა ხალხისთვის. როდესაც რუსული დარტყმები გრძელდება, როდესაც თავდასხმები გრძელდება, ადამიანებისთვის რთულია, იგრძნონ, რომ დიპლომატია კონსტრუქციულია და შეუძლია შედეგების მოტანა. ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს, რომ რუსები ემზადებოდნენ არა ახალი მასირებული თავდასხმებისთვის, არამედ ომის დასრულებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს.

„ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ეს ძალა მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ.