ვოლოდიმირ ზელენსკი – ვფიქრობ, „დიზელის შეთანხმება“ რუსებს შემდგომი მსგავსი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ „დიზელის შეთანხმებამ“, შესაძლოა, გაუხსნას გზა რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალ შეთანხმებებს, რომლებიც სასუქებს, გაზს, გაყინულ აქტივებს, ასევე რუსეთის ცალკეული პირებისა და ორგანიზაციებისთვის სანქციების მოხსნას შეეხება.
„ვფიქრობ, „დიზელის შეთანხმება“ რუსებს მსგავსი შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს. საუბარია, კერძოდ, სასუქებზე, გაზზე, გაყინულ აქტივებზე, ასევე სხვა პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებსაც შეიძლება, სანქციები მოეხსნათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს სანქციები უკვე მოუხსნეს. მისი თქმით, ენერგორესურსები იმ შეთავაზების ნაწილია, რომელსაც რუსეთი შეერთებულ შტატებს სთავაზობს.
,,რუსეთს ესმის, რომ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მას აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსები, შესაძლებლობები და მარაგები, ასევე მათი მართვის ისეთი ვერტიკალური სისტემა, რომ ნამდვილად შეუძლია, აშშ-სშესთავაზოს ერთგვარი ,,ეკონომიკური ქორწინება“, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ,,ქორწინება“ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან რუსეთში ყველა გარიგებას ახლავს რაღაც არასასიამოვნო მხარე, რომელიც თავიდანვე არ ჩანს, მაგრამ გზადაგზა შეიძლება გამოჩნდეს. თავდაპირველად, შესაძლოა, ჩანდეს, რომ ამ გარიგებას გარკვეული სარგებელი მოაქვს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.