ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით წამოიწყო
ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით წამოიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით წამოიწყო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა პარტნიორების მიერ უკრაინის მიმართ „სრული ღალატი“.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ის გაუწონასწორებელია, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიწყებდა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს. პუტინი ან შეშლილია, ან იცოდა, რომ არ დაისჯებოდა ამისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან რაღაც დიალოგი ყოფილიყო. ამის განხილვაც კი არ მინდა, რადგან მაშინ ეს არ არის პარტნიორობა, ეს ჩვენს ზურგს უკან თამაში და სრული ღალატია. ასე რომ, მოდით, ვიფიქროთ, მას არ ჰქონდა შეთანხმება და არის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არავინ დაიცავდა უკრაინას და შეეძლო ჩვენი დაპყრობა, განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსეთთან კარს ყველა ოდნავ ღიად ტოვებს, თუმცა არც ისე ღიად, როგორც 2014 წლის შემდეგ“.

„ბევრმა ლიდერმა დატოვა ეს კარი ოდნავ ღია და ფიქრობდა: „რა იქნება ხვალ? ჩვენ როგორმე უნდა მოვძებნოთ ხვალინდელი დღის შანსი. რა მოხდება, თუ უკრაინა ომს წააგებს? ჩვენ არ უნდა დავუხუროთ კარი რუსეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას თუ აპირებდა, გამოიყენებდა ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს, როდესაც ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა.

„მან არ გამოიყენა ბირთვული იარაღი არა იმიტომ, რომ გაწონასწორებულია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს საკუთარი სიცოცხლე. ესმის, რომ კარი მთლიანად დაიკეტება, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მას უყვარს სიცოცხლე. ასე რომ, არ გამოიყენა ბირთვული იარაღი პირველ წელს, აგრძელებს თავის ქმედებებს და ადგილზეა სანქციები. ახლა დასავლელი ლიდერები იწყებენ ფიქრს, როგორ აიცილონ თავიდან რუსეთთან ომის ესკალაციის შესაძლო რისკი, მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ესკალაცია, ვიდრე უკრაინაში ხოცვა-ჟლეტა?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.