ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაფიქსირებთ რუსეთის ყველა მცდელობას, გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან, ჩვენი პასუხი ხელშესახები იქნება
რუსეთი ცდილობს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას პარტნიორებთან, პასუხი ხელშესახები იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფიქსირებთ რუსეთის ყველა მცდელობას, გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან. ვხედავთ, რომელ ლობისტებს იზიდავს მოსკოვი, ვისი მეშვეობით ცდილობს მოქმედებას და რა შიდა ოპერაციების დაწყებას ცდილობს უკრაინასა და ევროპაში. ჩვენი პასუხი ხელშესახები იქნება – ჩვენი სპეცსამსახურების, ჩვენი სადაზვერვო სააგენტოების, პარტნიორებთან პოლიტიკური თანამშრომლობის და, კერძოდ, სანქციების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესში რუსეთისა და რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მიმართული ნაბიჯები განახლდა. ამან ნამდვილად შეიძლება იმუშაოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რომ აშშ-თან დიალოგი 100%-ით კონსტრუქციული იყოს.
„დღეს რუსტემ უმეროვი კვლავ დაუკავშირდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია: ამერიკასთან დიალოგი 100%-ით კონსტრუქციული უნდა იყოს. უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დიპლომატიისთვის დაბრკოლება და ჩვენი ეფექტურობა პარტნიორებთან მუშაობისას ყოველთვის უმაღლეს დონეზეა. ეს ასეც გაგრძელდება. მხოლოდ რუსეთია ამ ომის გაჭიანურების მიზეზი და ის იმსახურებს ყველა საპასუხო დარტყმას და ზეწოლას ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს სიცოცხლისა და ადამიანების, დიპლომატიის, პარტნიორების წინააღმდეგ. ომი უნდა დასრულდეს. ამისათვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა. ისინი, ვინც ბალისტიკისა და „შაჰედების“ ენაზე საუბრობენ, ძალის გარდა ვერაფერს ხვდებიან. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიო ეფექტურად მოქმედებდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.