ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, ომი უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას უნდა ჰქონდეს აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.

„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს“, – დაწერა ტრამპმა.