ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა მოგვარდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხი, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად განიხილავენ, როგორც დიდ ბუტიკს ან რესტორანს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ სხდომაზე მიიღო ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.
„ვფიქრობ, გასაგებია, რა საკითხები განვიხილეთ. სამხედროებმა გვაცნობეს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, სიტუაციის განვითარების შესახებ. ახლა დეტალებში არ შევალ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ჩვენი დაზვერვის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ჩვენს ხალხს, ვინც ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში და განსაკუთრებით, ყირიმში. დაზვერვა მადლობელია მოწოდებული ინფორმაციისთვის და მაქსიმალურად დაამუშავებენ. მტრებმა არ დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე არიან. ისინი დროებით იმყოფებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში კვლავ ძალიან მძიმე ბრძოლებია და არ შეცვლილა რეგიონის ცხელი წერტილები.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სიტყვით მიმართა პრაღაში „ფორუმი 2000“-ის მონაწილეებს და გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხს. მისი თქმით, საბოლოოდ უნდა მოგვარდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი.
„ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს. ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. და როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, საყვარლების დასასვენებლად; მაშინ, როცა ისინი თავად მუშაობენ ომისთვის ან უბრალოდ იმისთვის, რომ ჩუმად ელოდონ რუსეთის ამორალურ დაცემას, რაც სწორედ ახლა მიმდინარეობს, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად ევროპა გაერთიანდა.
მადლობელი ვარ იმ ევროპელებისა, რომლებსაც ესმით, რომ ომის დროს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, იბრძოლოს იმისთვის, რომ აგრესორი დამარცხდეს, ოკუპაცია შეწყდეს და რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან წავიდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.