ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა და პოლონეთი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის საერთო სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგანან და ეს საფრთხეა რუსეთი

23:30, 11.07.2026

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენს დროში უკრაინა და პოლონეთი ერთი საერთო საფრთხის წინაშე დგანან. ეს საფრთხე რუსეთია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინელები და პოლონელები ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი ცდილობს, სამძებრო სამუშაოები დააჩქაროს და თავის წვლილს შეიტანს ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულთა შესახებ ფაქტების სამართლიანად დადგენაში.

„ყოველ წელს, ამ დღეს პოლონეთი და უკრაინა პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში დაღუპული ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. დღეს უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ლოცვაში პოლონეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, როგორც აქ, უკრაინაში, ასევე პოლონეთში. უკრაინა თავის წვლილს შეიტანს იმ წლებში დაღუპულთა შესახებ ფაქტების სამართლიანად დადგენაში. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ყოფილი სოფლებისა და სამარხების ადგილებში. უკრაინა ამ პროცესის დაჩქარების ერთგულია. სულ რაღაც ორ დღეში დაიწყება ექსჰუმაციის სამუშაოები ოსტრივსკისა და ვოლია ოსტროვეცკას სოფლებში“, – დაწერა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ კიევი და ვარშავა ახლა საერთო საფრთხის წინაშე დგანან, რომელიც მოსკოვიდან მოდის.

„ჩვენ გვჭირდება სრული სიმართლე და მსხვერპლთა ქრისტიანული ხსოვნა, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენს დროში უკრაინა და პოლონეთი ერთი საერთო საფრთხის წინაშე დგანან, რაც სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის, ყველა ქალაქისა და ყველა სოფლისთვის. ეს საფრთხე რუსეთია. როდესაც წარსულზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავეჭვდეთ ჩვენი ერების მომავალზე – უკრაინის, პოლონეთის და მთელი ევროპის მომავალზე“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო.

კაროლ ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს. 83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული.

მსგავსი