ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემა დონალდ ტრამპთან შეთანხმებულია
უკრაინისთვის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკულმა მხარემ ამ საკითხზე საბოლოო თანხმობა გასცა.
„არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინა მიიღებს „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. კერძოდ, არ დაუზუსტებია, საუბარია თუ არა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ განკუთვნილ PAC-3-ის ტიპის ჩამჭრელ რაკეტებზე, თუ უფრო ძველ PAC-2-ის მოდელზე.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-მა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების წინადადება წამოაყენა. მისივე თქმით, ამერიკულმა მხარემ ასეთი შეხვედრის შესაძლო ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა.
„ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა სამმხრივი ფორმატის მომზადება და შეხვედრა ტექნიკურ დონეზე. ჩვენ ველოდებით აშშ-ს წინადადებებს თარიღის შესახებ. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, აშშ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროები შემოგვთავაზა“, – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მედიას.
ზელენსკის თქმით, შტატებში ვიზიტისას მან დონალდ ტრამპთან მომავალი სამმხრივი შეხვედრის განხილვა შეძლო.
„ჩვენ შევხვდით პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილეთ ზოგადი საკითხები. ამის შემდეგ, ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფებმა მოითხოვეს ცალკე, ხანგრძლივი შეხვედრა შესაბამისი დეტალების განსახილველად. შეთანხმება ასეთია: ჩვენ ამ დეტალებს ევროპულ მხარესთან ერთად განვიხილავთ და მივაწვდით ინფორმაციას, ამერიკელები რუსებს დაელაპარაკებიან და 10 დღეში დავბრუნდებით ერთი ან სხვა მოსაზრებითა და შედეგით“, – განაცხადა ზელენსკიმ.