ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში ნავთობის გადამუშავება მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში, სულ მცირე, 10%-ით შემცირდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთში ნავთობის გადამუშავება მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში, სულ მცირე, 10%-ით შემცირდა.
ზელენსკის თქმით, რუსეთში ასევე აქტიურად ხურავენ მოქმედ ნავთობის ჭაბურღილებს.
„მხოლოდ ერთი რუსული ნავთობკომპანია, და თანაც არა ყველაზე დიდი, უკვე იძულებული გახდა, დაახლოებით 400 ჭაბურღილი დაეხურა. რუსეთის ნავთობმოპოვების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს სერიოზული დანაკარგია, რადგან რუსეთში ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთში საბანკო კრიზისზე.
უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, „11 ფინანსური ინსტიტუტი სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება, ხოლო კიდევ რვა საბანკო დაწესებულებას კრიტიკული პრობლემები დაუგროვდა, რომელთა გადაჭრაც გარე რესურსის გარეშე შეუძლებელია“.
ამასთან, სააგენტო „როიტერის“ წყაროების ინფორმაციით, უკრაინის თავდასხმების შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის გადამამუშავებელმა რამდენიმე ქარხანამ, მათ შორის – პერმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც 7 მაისის შეტევის შემდეგ არ მუშაობს, ტუაფსეს ქარხანა არ მუშაობს 16 აპრილის თავდასხმის შემდეგ, ხოლო სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის ქარხნები არ მუშაობენ 18 აპრილის შეტევების შემდეგ. კირიშის ქახანამ მუშაობა მარტის ბოლოს შეწყვიტა, ხოლო „ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზმა“ (NORSI) – 5 აპრილს.
სააგენტოს შეფასებით, იანვრიდან მაისამდე უკრაინული თავდასხმების შედეგად 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის გადამუშავება შარშანდელთან შედარებით დღეში დაახლოებით 700 ათასი ბარელით შემცირდა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, აპრილში რუსეთში ნავთობის გადამუშავება, 2025 წელთან შედარებით, დღეში 460 ათასი ბარელით დაეცა.