ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ევროპას ჯერ არ ჰყავს მსგავსი ძლიერი არმია
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ევროპას ჯერ არ ჰყავს ასეთი ძლიერი არმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროპაში ამერიკული ჯარების მომავალ როლთან დაკავშირებით აშშ-ში მიმდინარე დებატებზე.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ისმის კითხვა, გაზრდის თუ არა შეერთებული შტატები თავის ყოფნას კონტინენტზე რუსული საფრთხის გათვალისწინებით, თუ პირიქით, შეამცირებს მას.
ზელენსკიმ მოიყვანა კიდევ ერთი არგუმენტი – უკრაინის გაწევრიანების წყალობით ნატო-ს გაძლიერება. ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს, არამედ უკრაინულ სამხედრო ტექნოლოგიებს, საბრძოლო გამოცდილებას და არმიის პოტენციალს. უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა „რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების“ საკითხი. მან განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკული მხარე ხშირად ბრუნდება პოზიციით, რომ უკრაინას შეუძლია, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან და ფინანსური მხარდაჭერა ევროპისგან, მაშინ, როდესაც რუსეთი საკითხს საკუთარ გარანტიებს უკავშირებს.
„ერთი მხრივ, უცნაურად ჟღერს, რომ აგრესორი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. დიახ, მაგრამ ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აღარ გრძნობენ თავს ისე ძლიერად, როგორც ომის დასაწყისში ან როგორც ეგონათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეულ „გარანტიას“ შექმნის, რადგან უკრაინა ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას და ტერიტორიული საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
„ამიტომ, ჩემი აზრით, ნატო-ს საკითხი ყველა მხარისთვის აქტუალურია. მჯერა, რომ ნატო-ს და ევროკავშირის საკითხი შეიძლება, იყოს ამ საშინელი ომიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.