ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანშია, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ რაიმე ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანშია, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ რაიმე ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის

უკრაინა თავისას დააბრუნებს აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. ყველგან ჩვენი დროშა იქნება. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმების თემას შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა ამით თავის თავს გაურთულა ცხოვრება, რადგან მსოფლიოსგან კიდევ უფრო მეტად იზოლირებულად იქცა.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ათობით განცხადება, რომელშიც მკაფიოდ უჭერენ მხარს უკრაინას და საერთაშორისო სამართალს, გმობენ რუსეთს ამ უკანასკნელი აგრესიული ნაბიჯის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლა გაგრძელდება და მალე მთელ დონბასის რეგიონში უკრაინული დროშების რაოდენობა მომრავლდება.

„მთავარი ჩვენი წინააღმდეგობაა, ჩვენი თავდაცვაა, ჩვენი სვლა უკრაინის ტერიტორიის განთავისუფლებისკენ. რუსეთმა დონბასში ფარსი დადგა. აბსოლუტური ფარსი, რომლის წარმოჩენა, რაღაც რეფერენდუმად სურდა. ამ კვირაში დონბასში უკრაინის დროშებმა მოიმატა. ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება. უკრაინის სვლა გაგრძელდება. უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანშია. იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ რაიმე ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსებმა უკვე ერთმანეთთან დაიწყეს ბრძოლა და აღნიშნა, რომ სანამ არ დამარცხდება ის ერთადერთი, ვინც ეს ომი წამოიწყო რუსეთში სიმშვიდე არ იქნება.

„სხვათაშორის, უკვე დაიწყეს ერთმანეთის კბენა. დამნაშავეებს ეძებენ, წარუმატებლობას გენერლებს აბრალებენ. სანამ არ მიხედავთ იმ ერთადერთ პრობლემას, ვინც დაიწყო ეს ყველაფერი, ვინც დაიწყო რუსეთისთვის ეს უაზრო ომი უკრაინის წინააღმდეგ, თქვენ სათითაოდ გაგანადგურებენ, განტევების ვაცები გახდებით, რათა არ აღიაროთ, რომ ეს ომი რუსეთის ისტორიული შეცდომაა. უკრაინა თავისას დააბრუნებს აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. ყველგან ჩვენი დროშა იქნება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.