ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის აღმოსავლეთში ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის, მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გზები ვეძებოთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის აღმოსავლეთში ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის, მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გზები ვეძებოთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რუსი ოკუპანტები ჯარების თავმოყრას ახდენენ, მოვლენების განვითარებაზე პროგნოზს ვერ გააკეთებს, მაგრამ მას უკრაინის გამარჯვების სჯერა.

ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის. პროგნოზებზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდა. მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს დაცვაზე და ბრძოლაზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავლენთ. ამიტომ, მინდა ვთქვა: დიახ, პარალელურად აღმოსავლეთსა და სამხრეთში არის ჯარების, ტექნიკის, შეიარაღებული ადამიანების დაგროვება, რომლებიც ჩვენი ტერიტორიების კიდევ ერთი ნაწილის დაკავებას აპირებენ. ბრძოლა რთული იქნება, ჩვენ გვჯერა ჩვენი ბრძოლისა და გამარჯვების. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ და ამავდროულად, გარკვეული დიპლომატიური გზები ვეძიოთ, რომლებიც ამ ომს შეაჩერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ქალაქ მარიუპოლს 10 ათასი ოკუპანტი ებრძვის და თუ ქალაქის შენარჩუნება მოხდება, რუსული დანაყოფები ქვეყნის აღმოსავლეთით ვერ წავლენ.