ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან

უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამასთან, მან ოდესის პორტის ამუშავებას და იქიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას დადებითი სიგნალი უწოდა. მისი თქმით, ამჟამად პორტიდან გასვლას 16 გემი ელოდება.

„პირველი ხომალდი 26 ათასი ტონა სიმინდით გავიდა ოდესის პორტიდან. ამ მომენტისთვის არ არის დრო, გავაკეთოთ რამე დასკვნები და პროგნოზები. თუმცა პორტი ამუშავდა, საექსპორტო მოძრაობა დაიწყო და ამას შეიძლება, ვუწოდოთ პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შეჩერების შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის პარამეტრების შესრულებაზე, ეს კი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და თურქეთის. ჩვენ ვერ გვექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. რუსეთი თანმიმდევრულად ახდენდა უკრაინული სურსათის ტრადიციულ იმპორტიორ აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში შიმშილის პროვოცირებას. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიცხის პირობებში, ფასების კრიზისის და გარკვეული სასურსათო დეფიციტის საფრთხე არსებობს ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც. ასე რომ, ვნახოთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და იქნება თუ არა ნამდვილად უსაფრთხოება. გამგზავრების რიგს უკვე ელოდება 16 ხომალდი და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.