ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ვერც აშშ და ვერც რამდენიმე სხვა ქვეყანა, უკრაინას ნატო-ში ჯერჯერობით ვერ ხედავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ვერც აშშ და ვერც რამდენიმე სხვა ქვეყანა, უკრაინას ნატო-ში ჯერჯერობით ვერ ხედავენ

უკრაინას სურს ყირიმის დაბრუნება და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამჟამად ამისთვის პირობები არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას სამართლიანად მიიჩნევს.

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ვერც აშშ და ვერც რამდენიმე სხვა ქვეყანა, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას ნატო-ში ჯერჯერობით ვერ ხედავენ. დღეს ყირიმთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ძალა, სრულად დავიბრუნოთ ჩვენი უკრაინული ნახევარკუნძული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მთავარი საკითხი ახლა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.

„უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ ვიცით, რომ, სამწუხაროდ, აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ეს არ არის რაიმე სახის თამაში, მე მჯერა, რომ ეს ღია ინფორმაციაა, მაგრამ ეს მომავლის საკითხია. ამჟამად ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ეს გარანტიები „მსურველთა კოალიციაა“ და ამჟამად უკრაინული მხარე დეტალებს არკვევს.

„ვფიქრობ, ჩვენ უახლოეს დღეებში გავიგებთ ამ უსაფრთხოების გარანტიების დეტალებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში სამი დოკუმენტი მზადდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ უახლოეს კვირებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ კვირაში აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრის გამართვა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინული მხარე „მზადაა ნებისმიერი თარიღისთვის“ და აქტიურად მოამზადებს საფუძველს ასეთი შეხვედრისთვის უახლოეს მომავალში.

„ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ევროპელ ლიდერებს და შევიმუშაოთ ჩვენი ხედვა ამ გეგმის შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპა გაგვიზიარებს თავის ხედვას – კერძოდ, უკრაინის მომავალთან, ევროპასთან, გაყინულ რუსულ აქტივებთან და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ სხვა საკითხებსაც. ვფიქრობ, შეხვედრები გაიმართება ევროპელ კოლეგებთან და ამერიკელებთან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე. ეს ყველაფერი ამ კვირაში მოხდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს კვირებში ან, შესაძლოა, მომდევნო კვირაში, ლიდერების დონეზე შევხვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.