ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას საჩუქრები არ სჭირდება, შეუძლია, შეირაღება თავად შეიძინოს, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისგან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის დროს უკრაინულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% ჩამოაგდეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა „გაცილებით უარესადაა“.
მისივე თქმით, უკრაინას პარტიორებისგან „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები სჭირდება.
„კიევსა და რეგიონში – ბორისპილში, ბროვარიში – რუსული დარტყმის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა. ეს იყო კომბინირებული დარტყმა: ბევრი ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტები, იყო დრონები. სამწუხაროდ, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა ამჟამად ყველაზე რთულია. თუ ამ დარტყმის შედეგად ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ია, მაშინ ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია. ჩვენ გვჭირდება რაკეტები „პეტრიოტებისთვის“, ეს არის ის, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იქვე აღნიშნა, რომ უკრაინას საჩუქრები არ სჭირდება და შეუძლია, შეირაღება თავად შეიძინოს.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ საჩუქრებზე. საქმე ეხება უკრაინის მზადყოფნას, შეიძინოს იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილებები – შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ნამდვილად ეხმარება უკრაინას თავის დაცვასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული. 20 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. სახელმწიფო უწყებებს, ასევე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, დროშები ნახევრად დაუშვან.