ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული აქტივების გამოყენება საკუთარი იარაღის წარმოებისთვის, ასევე ევროპული და ამერიკული იარაღის შესაძენად უნდა შეეძლოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული აქტივების გამოყენება საკუთარი იარაღის წარმოებისთვის, ასევე ევროპული და ამერიკული იარაღის შესაძენად უნდა შეეძლოს

უკრაინას რუსული აქტივების საკუთარი იარაღის წარმოებისთვის, ასევე ევროპული და ამერიკული იარაღის შესაძენად გამოყენება უნდა შეეძლოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკი აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი გზაა, რომლისაც მოსკოვს ეშინია.

„ჩემი პოზიცია ასეთია – უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ნებისმიერი სახის რუსული ფული უკრაინული წარმოებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ეს უფრო იაფი და სწრაფი გზაა. ვსაუბრობ შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე. საქმე ეხება დრონებს, ელექტრონული ომის სისტემებსა და რაკეტებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ თანხების მიღება უკრაინას მომავალი წლის დასაწყისისთვის სჭირდება. ასევე, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე დღევანდელი დიალოგი მარტივი არ ყოფილა.

„დიალოგი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ძალიან კარგი იყო. ჩვენ ამ თემაზე გადაწყვეტილებებს ველოდებით. ეს ძალიან სასარგებლო იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ მზად ვართ, დავაფინანსოთ ან გამოვიყენოთ ის ევროპელებთან ერთად ევროპის გასაძლიერებლად“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუ ამისთვის მზადყოფნას მოსკოვიც გამოთქვამს.

„პირველ რიგში, ცეცხლი უნდა შეწყდეს. და თუ რუსეთი მზადაა სასაუბროდ, ამისთვის ჩვენც მზად ვართ. გეგმა იწყება დასხდომით და საუბრის სურვილით და არა ფეხზე დგომითა და ბრძოლის სურვილით, ნებისმიერი სახის რაკეტების გამოყენებით მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზელენსკი.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება, რადგან ეს მისი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს ეხება.

„ეს არ არის გაცვლა, როდესაც ცვლი ტერიტორიას შენსავე ტერიტორიაში. ეს უბრალოდ ვიღაცის სურვილია. ანუ, ეს ნიშნავს, რომ რუსები არ მიიღებენ დამატებით მიწას, თუ ჩვენ წავალთ ჩვენი მიწიდან. ეს არ არის გაცვლა, ეს არის რაღაც სიგიჟე, არც კი ვიცი, რა არის ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაღიარებთ გაცვლას ჩვენს ტერიტორიაზე. ეს ეხება ჩვენს სუვერენიტეტს. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პროექტები, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი და რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები განიხილეს.

სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცისაც შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ახლა უკრაინა ევროპული ქვეყნებისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, მათ შორის „ტომაჰავკების“ მიღებას ელოდება.