ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე
უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ემზადება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ. მიმდინარე კვირას ჩვენი დიპლომატიური მარათონი გრძელდება. ხვალ მორიგი რამშტაინია, ვემზადებით და ვმუშაობთ, რათა ყველა ჩვენი მოლაპარაკება აისახოს პარტნიორების თავდაცვით გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს და ვინც იბრძვის უკრაინისთვის.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა თითოეულს, ვინც ბრძოლაშია! მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს, ვინც არ აძლევს ოკუპანტს საშუალებას, ალყაში მოაქციოს ბახმუტი; ვინც ანადგურებს მტერს უგლედარის მიმართულებაზე; ვინც არ ტოვებს ოკუპანტისგან არაფერს, მიწაზე ამომწვარი კვალის გარდა; და ვინც ინარჩუნებს ჩვენს სხვა პრინციპულ საფრონტო პოზიციებს. გვახსოვდეს: უკრაინისთვის ყოველი მოპოვებული ახალი შედეგი – გამარჯვებამდე შემცირებული დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.