ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ახლა მეტი „პეტრიოტის“ სისტემა აქვს, მადლობა გერმანიას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ახლა მეტი „პეტრიოტის“ სისტემა აქვს, მადლობა გერმანიას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და მადლობა გადაუხადა გერმანიას შეთანხმებების შესრულებისთვის.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავდაცვისთვის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

„დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი შედეგია ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის – უკრაინას ახლა მეტი „პეტრიოტი“ აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო კანცლერ მერცს, მადლობა გერმანიას და ყველას, ვინც გვეხმარება. ჩვენი შეთანხმებები შესრულებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის საჭიროა მეტი სისტემა, რათა დაიცვან საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები, ქალაქები და მთავრობა მუშაობს მათ მისაღებად.

„და ამას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ვაკეთებთ სახელმწიფოებსა და ლიდერებთან, არამედ საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების ყველა მწარმოებელთანაც. მომავალ კვირას ამ საკითხზე შეხვედრები იქნება, ჩვენ პარტნიორებს წარვუდგინეთ ყველა გათვლა, ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ საიმედო საჰაერო თავდაცვა”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მტრის თავდასხმებისგან თავის დასაცავად საჭიროა მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა.