ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს, მზადაა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, ველოდებით, რომ რუსეთიც ანალოგიურ მზადყოფნას გამოავლენს

21:36, 11.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ მისთვის მოულოდნელი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ასეთ ზავს დათანხმდება, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ პუტინთან შეთანხმებას თუ მიაღწია, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, როდის დაიწყება ზავი. ჩვენ მზად ვართ და მას მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ის რეალობად იქცეს.

„უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს. უკრაინა მზადაა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას და ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთიც ანალოგიურ მზადყოფნას გამოავლენს. მივესალმებით ასეთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმები დღესაც გრძელდებოდა.

„მთელი დღის განმავლობაში ცაში რუსული „შაჰედები“ იყო, ახლაც არიან. იყო დარტყმები საავიაციო ბომბებით, დარტყმები ჩვენს ენერგეტიკაზე. სულ ახლახან დაზიანდა ხარკოვის თბოელექტროცენტრალი“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. იერიშების სამიზნე გახდა გაზისა და ნავთობის 17 ობიექტი. ამასთან, კვირის განმავლობაში 150-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაიჭრა.

„ვიმედოვნებთ, ბოლოს და ბოლოს ის ამერიკას, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს რაღაც სხვას ეტყვის – არა მკვლელობებსა და ტყუილს, არამედ იმას, რაც რეალურ და ღირსეულ მშვიდობამდე მიგვიყვანს. უკრაინას მშვიდობა უნდა. კითხვა ისაა, უნდა თუ არა ეს რუსეთს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მსგავსი