ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად

უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიას ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც მან საზეიმო ვითარებაში მიიღო რწმუნებათა სიგელები აშშ-ის, მოლდოვისა და ინდოეთის ელჩებისგან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი ინიციატივით მსგავსი ცერემონია მომავალში ტრადიციული გახდება.

თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა სახელმწიფოებს, გადახედონ ურთიერთობას უკრაინასთან და აღიქვან ის პარტნიორად, მოკავშირედ და არა „შორეულ პრობლემურ ნათესავად“.

„24 თებერვლიდან უკრაინამ ძალიან ბევრი რამ გადააფასა. მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად. ჩვენ არ გვჭირდება გულწრფელობას მოკლებული ხელის ჩამორთმევა, გულწრფელობას მოკლებული ღიმილი ეტიკეტისთვის, გულწრფელობას მოკლებული სიტყვები, რომლებიც ჩვევად იქცა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ მოკავშირეები არა პროტოკოლურად ან ეტიკეტით, არამედ სინდისით და ღირსებით. ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ მტკიცედ და სამუდამოდ. სხვაგვარი მეგობრობა არ გვსურს. მადლობას ვუხდი ყველა ელჩს, რომელიც უკრაინაში რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩა. მადლობა მათ, ვინც დაბრუნდა რაც შეიძლება მალე. მოხარული ვიქნები, ყველას მივესალმო, ვინც უახლოეს ხანში დაბრუნდება უკრაინის გულში, კიევში. ასევე დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ომის 99-ივე დღე იმყოფებოდა კიევში. ეს არის პოლონეთის ელჩი ვარტოჩ ციხოცკი და წმინდა საყდრის წარმომადგენელი ვისვალდას კულბოკასი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცერემონიაზე პოლონეთის ელჩს და წმინდა საყდრის წარმომადგენელს ზელენსკიმ სახელმწიფო ჯილდო გადასცა.