ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ემზადება იმ შეხვედრებისთვის, რომლებიც ლუქსემბურგსა და ბრიუსელში მომდევნო კვირაშია დაგეგმილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინა ემზადება იმ შეხვედრებისთვის, რომლებიც ლუქსემბურგსა და ბრიუსელში მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ამ პროგრესისთვის და ასევე ეთანხმება იმ ლიდერების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ არა მხოლოდ უკრაინას სჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება უკრაინა.
„ვემზადებით მომდევნო კვირის დიპლომატიური მოვლენებისთვის, რომლებიც ძალიან აქტიურად დაიწყება ორშაბათიდან. ევროკავშირმა დაადასტურა თავისი მზაობა, გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი, რაც ახალ იმპულსს აძლევს უკრაინას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჭიროა ამ პროგრესის მისაღწევად და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დაგვეხმარა და ყველასი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს. უკრაინა მზად არის ექვსივე კლასტერის გასახსნელად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და ამის შესახებ აპირებს იმსჯელოს პარტნიორებთან ყველა ფორმატში, იქნება ეს დიდი შვიდეული, ნატო-ს სამიტი თუ ევროკავშირის საბჭოს სამიტი.