ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს იქნება ნგრევის ადგილი, არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ განადგურებული ყოველი ობიექტი
უკრაინა არასდროს იქნება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ განადგურებული ყოველი ობიექტი, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპატები ხერსონს ყოველდღიურად ბომბავენ.
„დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. მათ 20-წლიანი მმართველობის შემდეგ მათი სახელმწიფოს დიდ ნაწილზე ისეთი განადგურება აქვთ, თითქოს იქ ომა ჩაიარა. არადა, ეს ომი არ ყოფილა, ეს მათ ჩაიარეს. მათ ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. ის, რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ დანგრეული ყოველი ობიექტი, ყოველი სახლი, ყოველი საწარმო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან კიევში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა დიპლომატებს სოლიდარობისა და მხარდაჭერის ამ ჟესტისთვის. ზელენსკის თქმით, თითოეულ დელეგაციასთან განხილეს მშვიდობის უკრაინული ფორმულა და ამ ფორმულის პუნქტების განხორციელებაში ამ სახელმწიფოების შესაძლო მონაწილეობა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, იზრდება ინიციატივისთვის „მარცვლეული უკრაინიდან“ მობილიზებული თანხის რაოდენობა, რომელმაც ამჟამად 180 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მან მადლობა გადაუხადა ინიციატივის ყველა მონაწილეს.