ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა

უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მინდა, აღვნიშნო ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიყურება როგორც ტექნიკური, თუმცა მის უკან ბევრი სიმბოლიზმი და შინაარსიანი პოლიტიკური სამუშაოა. უკრაინა გახდა ნატო-ს ტექნოლოგიური ურთიერთთავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს. ახლა უკრაინა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი სამხედროების გამოცდილება, უკრაინული ინსტიტუტების შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოტენციალი – ყველაფერი ეს იქნება უკრაინის წვლილი ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბური ომის 139-ე დღეს, უკრაინის სახელმწიფო არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ ვითარდება და დაეხმარება პარტნიორების განვითარებას.

მისი თქმით, რუსეთის ძალები უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს არც ერთი დღით არ წყვეტენ.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ პირობებშიც კი სახელმწიფო პარტნიორებთან თანამშრომლობით ნაბიჯებს წინ დგამს ინსტიტუციურ განვითარებაში, ასევე ფრონტის წინა ხაზზე. ოკუპანტებმა უკვე ძალიან კარგად იგრძნეს, რა არის თანამედროვე არტილერია და მათ ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე არსად ექნებათ უსაფრთხო ზურგი. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაციები სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია მათ ნებისმიერ სპეცოპერაციაზე. რუს სამხედროებს ღიად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრების ჩანაწერებიდან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, წინ რთული გზაა, თუმცა წინ ასევეა უკრაინის გამარჯვება.

„წინ ნამდვილად რთული გზაა. სამწუხაროდ, სხვანაირად შეუძლებელია, როდესაც საკუთარ სახლს ტერორისტული თავდასხმისგან იცავ. თუმცა ისიც გასაგებია, რომ წინ ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაა. უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, შეძლებს აღდგენას, შეძლებს თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი, თითოეული თავის დონეზე – შედეგი აუცილებლად იქნება. თქვენ იცით, მე რატომღაც იშვიათად ვუხდიდი მადლობას ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, აქ რჩებიან, რომლებიც ყოველ დღე თავიანთ საქმეს ასრულებენ უკრაინის რწმენით, გამარჯვების რწმენით. ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო. მადლობა, რომ თქვენ ჰყავხართ უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში.