ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკომისიასთან ერთად უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს მალე დაიწყებს.
„ჩვენ გვაქვს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ მხარეები უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობის დაწყებისთვისაც ემზადებიან, რაც სავარაუდოდ გაზაფხულზეა დაგეგმილი.
„მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.