ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფი უკვე გამართული შეხვედრების შესახებ მოხსენებას გააკეთებენ. გენერალი გნატოვი და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უკრაინისა და უკრაინელების უსაფრთხოების გარანტიების დეტალებზე იმუშავებენ. ამავდროულად, უკრაინელი ოფიციალური პირები ამერიკასთან და ევროპასთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინის რეალური აღდგენისა და განვითარების განხილვას განაგრძობენ. რაც მთავარია, მე შეხვედრები მექნება პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ბევრ ლიდერთან მშვიდობის საფუძვლებზე, ომის დასრულების პოლიტიკურ შეთანხმებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა ომის დასრულების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის, რათა უზრუნველვყოთ გარანტია, რომ რუსეთი არ დაბრუნდება უკრაინაში და არ შემოიჭრება მესამედ. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება – ეხმარება უკრაინას და ამ დღეებში ბერლინში მაქსიმალურად აქტიურად და კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია შეთანხმების განხორციელება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რუსეთმა შავ ზღვაში კიდევ ერთ სამოქალაქო გემს დაარტყა.
„გემის მფლობელი თურქეთია, ტვირთი კი – საკვები. ისეთ გემებზე დარტყმა, რომლებსაც ომთან საერთო არაფერი აქვთ, რუსეთის მხრიდან მთელი მსოფლიოსთვის პირდაპირი გამოწვევაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავარკვევთ, როგორ ვუპასუხოთ ამას. რეაქცია იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.