ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ მივიღებდით თვითმფრინავებს, საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკასა და აუცილებელ არტილერიას მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ მივიღებდით თვითმფრინავებს, საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკასა და აუცილებელ არტილერიას მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა, თუკი ამისთვის აუცილებელი იარაღი, თვითმფრინავი და ჯავშანტექნიკა ექნებოდათ, თუმცა ისინი ამას არ იღებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად, რათა სრულად გავანადგუროთ მტერი ჩვენს მიწაზე და შევასრულოთ ის ამოცანები, რომლებიც ყოველი ჩვენი ადამიანისთვის ცხადია. კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის, თუ ჩვენ მივიღებდით თვითმფრინავებს და საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკას, აუცილებელ არტილერიას, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით. თუმცა… ჯერ კიდევ გვიწევს ამაზე შეთანხმება, ჯერ კიდევ გვიწევს დარწმუნება, ჯერ კიდევ გვიწევს აუცილებელი გადაწყვეტილებების იძულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ თითქმის ყველაფერს, რაც გვჭირდება. თუმცა, იკარგება არა მხოლოდ დრო, იკარგება უკრაინელების სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელსაც უკვე ვეღარ დავაბრუნებთ. და ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინც ამ დრომდე საწყობებში ინახავს უკრაინისთვის აუცილებელ იარაღს. პასუხიმგებლობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, ისევე, როგორც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში ჩვენი მადლიერება იმ სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც რეალურად დაგვეხმარნენ, რომლებიც არ ვაჭრობდნენ, რომლებიც დაგვეხმარნენ სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე განაღმვითი სამუშაოების შესახებ. მისი მონაცემებით, რუსეთის ძალებმა სხვადასხვა ადგილებში ათობით ათასი ფეთქებადი მოწყობილობა დატოვეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხვალ ის გამოვა სიტყვით ლიეტუვის პარლამენტის წინაშე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 11 აპრილს კიევში ვიზიტით იმყოფებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ტელეფონით განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი. ზელენსკიმ ასევე სატელეფონო საუბრები გამართა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, აფრიკული კავშირის ხელმძღვანელთან და სენეგალის პრეზიდენტთან.