ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპთან შეხვედრაზე არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა დარტყმები, ჩვენ ენერგეტიკულ ზავზე ვსაუბრობთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში, აშშ-ის მონაწილეობით, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
„ნებისმიერ დროს მზად ვარ. ვფიქრობ, ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემას „დადებითად უყურებს“.
მისი თქმით, ამერიკელ კოლეგას სთხოვა, დაეჩქარებინა უკრაინაში „პეტრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების დაწყების პროცესი. ზელენსკის ვარაუდით, წარმოების დაწყებას შესაძლოა, დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდეს.
„ჩვენ პრეზიდენტს ვთხოვეთ, დაგვეხმაროს ამ პროცესის დაჩქარებაში. ის ლიცენზიების გაცემას დადებითად უყურებს. ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი, ამას ერთი წელი დასჭირდება თუ წელიწადნახევარი, მაგრამ ეს მომავლისთვისაა. უკრაინელებისთვის ჩვენ გვაქვს „პეტრიოტის“ სისტემები. დაგვჭირდება ასეთი რაკეტების საკუთარი წარმოება, მაშინაც კი, როდესაც ჩვენს საკუთარ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას შევქმნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ „პეტრიოტის“ იმედი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსეთის ენერგოობიექტებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრის დროს აშშ-ს უკრაინისთვის დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტა არ მოუთხოვია. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკული მხარის ზოგიერთი საჯარო განცხადებისგან განსხვავებით, დახურულ მოლაპარაკებებზე კიევის იძულების მცდელობა, შეეწყვიტა თავდასხმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა მსგავს ობიექტებზე, არ ყოფილა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის მაგივრად შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი ზავის იდეა, რომელსაც უკრაინა მხარს უჭერს.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის განიხილოს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი, თუმცა შეთანხმება ფართომასშტაბიანი უნდა იყოს.
„დღეს არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა დარტყმები. ჩვენ ენერგეტიკულ ზავზე ვსაუბრობთ. თუ საუბარია ენერგეტიკაზე, მაშინ ეს მთელ ენერგეტიკას უნდა ეხებოდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ასევე მოიცავს წყალმომარაგების ობიექტებზე და მსგავს ინფრასტრუქტურაზე დარტყმების აკრძალვას.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკული მხარე წინასწარ გააფრთხილა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზავს დაარღვევს.
„იქნება თავდასხმები, პუტინი კი გეტყვით, რომ ეს უკრაინის გამო ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ და მაგალითად უკრაინაზე განხორციელებული ბოლო იერიშები მოიყვანა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, დათანხმდეს ასეთ ნაწილობრივ შეთანხმებას.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განიხილავდა.