ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპის კითხვას, გჯერათ, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ზე უფრო მძლავრი შეიძლება იყოს, ვუპასუხე: დიახ, ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავარი კითხვაა, ამას მომავალი ლიდერებიც თუ შეასრულებენ?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვაშინგტონმა ზეწოლა, უკრაინის ნაცვლად, რუსეთზე უნდა გაზარდოს.
„რუსეთს არ ვენდობით, მაგრამ ვფიქრობ და მჯერა, რომ ამერიკელები მართლა აპირებენ ამ ომის დასრულებას. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, მაგრამ გვჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე და არა ჩვენზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან დიალოგის შესახებ.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა: „გჯერათ, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ზე უფრო მძლავრი შეიძლება იყოს? მე ვუპასუხე: „დიახ, დღეს ეს თქვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მთავარი კითხვა სხვაა: ამ გარანტიებს მომავალი ლიდერებიც შეასრულებენ თუ არა?
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული სახის უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს უკრაინას, თუმცა ამ გარანტიების კონკრეტული შინაარსი გაურკვეველია.