ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი თუ გადაწყვეტს, გამონახოს საერთო ენა ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად, ეს ყველას დაგვეხმარება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი თუ გადაწყვეტს, გამონახოს საერთო ენა ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად, ეს ყველას დაგვეხმარება

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღის წარმოებისთვის დანადგარები მიაწოდა, ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში; ვხედავთ, რომ არსებობდნენ ჩინელი დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელების წინააღმდეგ იბრძოდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავიდ ვან ვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ მოახერხებს ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად საერთო ენის გამონახვას, ეს ყველას დაეხმარება.

„ტრამპი თუ გადაწყვეტს, განიხილოს და გამონახოს საერთო ენა ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად, ვფიქრობ, ეს ჩვენ, ყველას, დაგვეხმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღის წარმოებისთვის დანადგარები მიაწოდა, ვხედავთ, რომ ის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში; ვხედავთ, რომ არსებობდნენ ჩინელი დაქირავებული ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ ისინი ჩვენს ტყვეობაში იყვნენ, ზოგიერთი მათგანი, ვინც გადარჩა. ჩვენ ძალიან გვინდა, ამ ომის დასასრულებლად ჩინეთმა რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და არ დაეხმაროს მას არანაირი ფორმით მის გახანგრძლივებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები კვირის ბოლოს შეხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმის დეტალების განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა პირველი აუცილებელი ნაბიჯია დიპლომატიური ძალისხმევის დასაწყებად.

თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები დაუყოვნებლივ გამოყოფს 25 მილიონ ევროს უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საჭიროებების მხარდასაჭერად.