ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა, გვაქვს ახალი შედეგები. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველყო. მადლობა არმიას, მზვერავებსა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 8 სექტემბერს კიდევ ერთხელ ჩაატარა ძალოვანი მინისტრების თათბირი. მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და თავდაცვის მთელი სექტორი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რესურსითა და მასალით, ასევე პოლიტიკური, საინფორმაციო და დიპლომატიური საშუალებებით, რათა ეფექტურად დაიცვან უკრაინა და გააძევონ ოკუპანტები.