ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა პირი ავრცელებს, ემთხვევა ოფიციალური კრემლის გზავნილებს, უიტკოფს ალბათ ბევრი დრო აქვს გატარებული პუტინთან საუბრებში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი იგეგმება.
ზელენსკის თქმით, აშშ-მა უკრაინას წარუდგინა წიაღისეულის შესახებ ახალი შეთანხმების პროექტი, რომელიც განსხვავდება წინა მიდგომებისაგან.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, შეთანხმება არ მოიცავს ატომური ელექტროსადგურების საკითხს. ზელენსკის განცხადებით, იმედი აქვს, დროთა განმავლობაში აშშ-ის ნდობა რუსეთის მიმართ გაქრება.
ამასთან, ზელენსკიმ გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
„რუსული ნარატივებისადმი ნდობა თანდათან დაეცემა. მე რეალისტურად ვხედავ, რომ რუსეთის ყველა გზავნილი სანდოდ აღარ იქნება აღქმული. სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა პირი ავრცელებს, ძალიან ემთხვევა ოფიციალური კრემლის გზავნილებს. უიტკოფს ალბათ ძალიან ბევრი დრო აქვს გატარებული პუტინთან საუბრებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.