ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება, იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება, იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში

რუსეთის ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხარკოვი, ეს სამხედრო დანაშაულია, ამ დანაშაულისთვის აუცილებელად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების, ქალაქების დაბომბვის ფონზე.

„ვფიქრობ, რუსეთი ასეთი მარტივი გზით ცდილობს ზეწოლას. არ დაკარგოთ დრო, ასეთ ტაქტიკას ჩვენ არ მივიღებთ. სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება, იყოს მაშინ, როდესაც ერთი მხარე არ ურტყამს მეორე მხარეს რეაქტიული არტილერიით ზუსტად მოლაპარაკების პროცესში. რუსეთის ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხარკოვი. ეს სამხედრო დანაშაულია. ათობით ჩანაწერი ადასტურებს, თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ეს არა შეცდომა, არამედ ხალხის გამიზნულად განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, საით ისვროდნენ. ამ დანაშაულისთვის კი აუცილებელად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის შეჭრიდან ხუთი დღის შემდეგ უკრაინაზე 56 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

„აი, ასეთია „ძმური მეგობრობა“ და მსოფლიომ იცის, რა უნდა გააკეთოს. დღეს პარტნიორებთან ვისაუბრეთ ამაზე – ეკონომიკური განადგურება. დავანახოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია თავის დაცვა. ვფიქრობ, სრულად უნდა გადაიხედოს ცის დახურვის საკითხი რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. ჯერჯერობით არ გვაქვს შედეგი, რომელსაც ვისურვებდით. რუსეთმა საკუთარი პოზიციების შესახებ განაცხადა. ჩვენგან გაჟღერდა ომის დასასრულებლად შემხვედრი პუნქტები. გარკვეული სიგნალები მივიღეთ“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.