ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვის და სანქციების კუთხით გვჭირდება გადამწყვეტი ქმედებები ყველა მათგანისგან, ვინც მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებისგან თავს იკავებს
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 450 დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, დაღუპულია ერთი ბავშვი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ღამით უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, ქვეყნის 9 რეგიონი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ცინიკური და გათვლილი თავდასხმა: 450-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას და რისი წართმევაც რუსებს სურთ. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – ყველა იღებს საჭირო დახმარებას. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ კიევში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღსადგენად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსული დარტყმების მთავარი სამიზნე სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს, ერთად მუშაობით, შეუძლია, დაიცვას ხალხი ამ ტერორისგან.
„საჰაერო თავდაცვის მომარაგებისა და სანქციების კუთხით ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ქმედებები და არა ცარიელი სიტყვები – აშშ-სგან, ევროპისგან და „დიდი შვიდეულისგან“. ჩვენ ველით ამ სისასტიკეზე პასუხს „დიდი ოცეულისგან“, თითოეული მათგანისგან, ვინც თავის გამოსვლებში მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებებისგან თავს იკავებს. მსოფლიოს შეუძლია, დაიცვას თავი ამ დანაშაულებისგან და ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.