ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე რუსეთის ქონება იყოს ჩამორთმეული და გადაეცეს რუსული აგრესიის მსხვერპლებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს მექანიზმს, რომელითაც რუსეთი უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე რუსული სახსრებისა და ქონების კონფისკაციას, უკრაინაში ომის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.
„ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორ სახელმწიფოებს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ ხელშეკრულებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც დაზარალდა რუსეთის ქმედებებით, შეძლებს მიიღოს კომპენსაცია ამ დანაკარგებისთვის. ასეთი შეთანხმების საფუძველზე, პარტნიორი სახელმწიფოების იურისდიქციაში მყოფი რუსული სახსრები და ქონება უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული, შემდეგ გადაეცეს სპეციალურად შექმნილ ფონდს, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეეძლება, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს სამართლიანი იქნება და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან უკრაინის მიმართულებით გაისროლა.
„ჩვენ ვიწვევთ ჩვენს პარტნიორებს, გახდნენ ასეთი ფონდის დამფუძნებლები, ასევე სპეციალური საერთაშორისო კომისიის წევრებს, რომლებიც განიხილავენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების საჩივრებს და მიმართვებს. ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან, რათა აგრესორმა იგრძნოს, რომ ომს შეუძლია, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს არა სხვას, არამედ მას, ვინც ომით წავიდა მეზობლის წინააღმდეგ. რუსული ფული კომპენსაციის სახით უნდა მივიდეს ყველა ადამიანამდე, ყველა ოჯახამდე, დაზარალებულ ბიზნესამდე. რა თქმა უნდა, რუსული სახელმწიფო არც აღიარებს, რომ აგრესორია, მაგრამ მისი აღიარება არ არის აუცილებელი“, – განაცხადა ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას.