ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული შეტევითი ოპერაციები გრძელდება რამდენიმე რეგიონში და რუსული არტილერიის ცეცხლი არ შემცირებულა, მოსკოვიდან წამოსული სიტყვების ნდობა არ შეიძლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული შეტევითი ოპერაციები გრძელდება რამდენიმე რეგიონში და რუსული არტილერიის ცეცხლი არ შემცირებულა, მოსკოვიდან წამოსული სიტყვების ნდობა არ შეიძლება

„სააღდგომო ზავის“ დაწყების შემდეგ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს, – ამის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს.

პროკუდინის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმები 18:00 საათის შემდეგაც გრძელდება.

„ასე გამოიყურება რუსული „სააღდგომო ზავი“ ხერსონის ოლქში“, – წერს პროკუდინი და ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოს ავრცელებს, სადაც თავდასხმის შედეგად ხანძარია.

მისი თქმით, 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ ხერსონის რეგიონში 10-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შედეგად, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები.

პროკუდინმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით „არანაირი სიმშვიდე არ შეინიშნება“.

„დაბომბვები გრძელდება და დარტყმის ქვეშ კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან“, – აღნიშნა პროკუდინმა.

აღნიშნულ შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება.

„აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება რუსეთის მხრიდან 39 დღის განმავლობაში უპასუხოდ დარჩა. აშშ-მა გააკეთა ეს წინადადება, უკრაინამ დადებითად უპასუხა, მაგრამ რუსეთმა – იგნორით. რუსეთი თუ ახლა, უცებ, ნამდვილად მზად არის სრული და უპირობო სიჩუმისთვის, უკრაინა შესაბამისად იმოქმედებს — რუსეთის ქმედებების სარკისებურად. სიჩუმის საპასუხოდ სიჩუმე, თავდასხმების საპასუხოდ – თავდაცვითი დარტყმები. სრული ცეცხლის შეწყვეტა თუ ნამდვილად განხორციელდება, უკრაინა სთავაზობს მის გაგრძელებას აღდგომის დღის შემდეგაც. ეს გამოავლენს რუსეთის ნამდვილ განზრახვებს — რადგან 30 საათი საკმარისია სათაურებისთვის, მაგრამ არა ნამდვილი ნდობის აღდგენისთვის. ოცდაათმა დღემ შეიძლება შანსი მისცეს მშვიდობას. ამჟამად, მოხსენებების თანახმად, რუსული შეტევითი ოპერაციები გრძელდება რამდენიმე რეგიონში და რუსული არტილერიის ცეცხლი არ შემცირებულა. ამიტომ მოსკოვიდან წამოსული სიტყვების ნდობა არ შეიძლება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მანიპულირებს მოსკოვი და ყველაფრისთვის მზად ვართ. უკრაინის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ რაციონალურად — შესაბამისი პასუხით. რუსეთის ყოველ დარტყმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ზელენსკიმ.