ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის 
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის 

რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია.

ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბარელი რუსული ნავთობის შესყიდვა 60 დოლარად, ნაცვლად 30 დოლარისა, როგორც ამას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ითხოვდნენ, რუსეთის ბიუჯეტს წლიურად ერთი მილიარდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„დონეცკის რეგიონში – ბახმუტი, სოლედარი – ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული სიტუაციაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს იქ. ჩვენ გმირებს, რომლებიც ინარჩუნებენ დაცვის ხაზს. იქ ყველა იმსახურებს უღრმეს მადლიერებას. ახლა კი ცალკე მადლობა მინდა, გადავუხადო ჩოპის რაზმის მესაზღვრეებს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების კიდევ ერთი თვითმფრინავი „დასვეს“. ლუგანსკის ოლქი და ხარკოვის ოლქი – ჩვენ ვაძლიერებთ ძალებს. სამხრეთი – ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების შემცირებას. საზღვარი – ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვის აკვატორია – ვმუშაობთ ისე, რომ საბოლოოდ „კალიბრი“ მხოლოდ მის ფსკერზე იყოს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.