ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორ დოკუმენტს შეიცავდეს, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, მეორე კი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორ დოკუმენტს შეიცავდეს, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, მეორე კი, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორ დოკუმენტს შეიცავდეს, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, ხოლო მეორე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შედგებოდეს ორი განსხვავებული დოკუმენტისგან. ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე კი უშუალოდ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. მე ვთვლი, რომ ეს შეიძლება იყოს ორი განსხვავებული დოკუმენტი. უსაფრთხოების გარანტიები მათგან, ვინც მზად არის ამ უსაფრთხოების გარანტიებისთვის და ცალკე დოკუმენტი – რუსეთთან. მოსკოვს სურს, ჰქონდეს ერთი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ყველა საკითხის გადაწყვეტას. თუმცა, ყველა ვერ ხედავს საკუთარ თავს რუსეთთან ერთად ერთ მაგიდაზე. მათთვის ერთი საკითხია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მეორე საკითხი კი, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებები. რუსეთს უნდა, რომ ყველაფერი ერთ დოკუმენტში იყოს, ხალხი კი ამბობს: ბოდიში, ვნახეთ, რა მოხდა ბუჩაში, გარემოებები იცვლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არავისგან არ არის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლას. მისი თქმით, მარიუპოლში უკრაინელი დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს დაასრულებს.

„მარიუპოლი შეიძლება, იყოს როგორც ათი ბოროდიანკა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას წერტილს დაუსვამს. ეს ჩიხია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებით და ჩვენი ხალხით და რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.