ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს გაუმაძღარ ალიგატორს ადარებს და აცხადებს, რომ მოსკოვს მოლაპარაკებები არ სურს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს გაუმაძღარ ალიგატორს ადარებს და აცხადებს, რომ მოსკოვს მოლაპარაკებები არ სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს გაუმაძღარ ალიგატორს ადარებს და აცხადებს, რომ მოსკოვს მოლაპარაკებები არ სურს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სლოვენიაში მიმდინარე სტრატეგიული ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს და ეს პროცესი შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოს.

„თუმცა ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარეს სურდეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი საჯარო ტყუილი. ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, მათ ეს არ სურთ. მათი გაგებით, მოლაპარაკებები – ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, რუსები უკვე საჯაროდ საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიებად უნდა აღიაროს ასევე უკრაინის სამხრეთში დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მას შემდეგ, რაც იქ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება. ზელენსკიმ რუსეთს „გაუმაძღარი ალიგატორი“ უწოდა.

„როგორც არ უნდა ელაპარაკოთ მათ, ისინი ნახევარ წელში მაინც მოვლენ ჩვენი სხვა ტერიტორიისთვის. მინდა, რომ თქვენ ყველა აცნობიერებდეთ ამას ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ სინამდვილეში რუსეთი არ არის იმდენად ძლიერი და ძლევამოსილი.

„ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.