ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის
რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინა ყოველდღიურად იძენს ახალ ენერგეტიკულ ძალას.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასირებული სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის, ჩვენი საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის სიგნალის ყველა გაფრთხილებას. ჩვენ მტრის ნებისმიერი განზრახვისთვის ყველა დონეზე უნდა ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა დონეცკის ოლქში განაღმვითი სამუშაოების დროს დაღუპული საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომლის შესახებ. მისი ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ ნაციონალური პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების გამნაღმველებმა 480 000-მდე ფეთქებადსაშიში ნივთი გააუვნებელყვეს. ამასთან, განაღმვით სამუშაოებში სხვა სახელმწიფო სამსახურები და არმიაც მონაწილეობს. ზელენსკის თქმით, განაღმვითი სამუშაოები პარტნიორებთან უკრაინის კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მაქსიმალური გლობალური შესაძლებლობები, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ ნაღმების რუსული ტერორი. თითოეული გაუვნებელყოფილი რუსული ნაღმი, ყოველი ამოღებული ჭურვი, ჩვენი ხალხის გადარჩენილი სიცოცხლეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.